სფფ - ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი გუნდის უსაფრთხოება #1TVSPORT
სფფ - ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი გუნდის უსაფრთხოება #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ბოლო ერთი დღის განმავლობაში გავრცელდა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. უპირველესად, გვინდა, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია და აღვნიშნოთ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესია, ვგმობთ და ვემიჯნებით ყველა სახის ძალადობას, რაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია.

მსგავს სიტუაციაში, თითოეული ადამიანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, დაუყონებლივ იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

ჩვენთვის თითოეული მოთამაშის უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ ვაცნობეთ შესაბამის ორგანოს რეაგირებისთვის. ფეხბურთის ფედერაცია, თავის მხრივ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი გუნდის უსაფრთხოება, შევქმნათ მათთვის შესაბამისი გარემო და ხელი შევუწყოთ ეროვნული ნაკრების წარმატებას. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარეშე ფაქტორებმა ზეგავლენა არ მოახდინოს გუნდის ერთიანობასა და წარმატებაზე“, – წერია სფფ-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, ნოდარ ნიშნიანიძე (ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმა) ნაკრების მწვრთნელს, ლადო დვალიშვილს დაუკავშირდა, ყაზაიშვილის უთამაშებლობით უკმაყოფილება გამოხატა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებსა და ნაკრების წევრებს დაემუქრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გადაცემაში გასული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლების მიმართ მუქარის შემცველი შინაარსის გზავნილებს ეხებოდა, გამოძიება დაიწყო.

წარსულში ნასამართლევი პირის – ნ.ნ.-ის მიერ განხორციელებული, სავარაუდოდ, მუქარის შემცველი განცხადებების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს.