ფედერაციის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებ - ყაზაიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა #1TVSPORT
ფედერაციის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივიღებ - ყაზაიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა #1TVSPORT

ვაკო ყაზაიშვილმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა. საქართველოს ნაკრებისა და „ულსანის“ შემტევი ნახევარმცველი გულშემატკივარს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ ფედერაციის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„პირველ რიგში, ქართველი ფეხბურთის ქომაგებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს ბოდიშს ვუხდი ფაქტისთვის, რომელიც ჩემთვის ყველაზე მეტად მიუღებელია. ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დავიწყე. ყველამ, ვინც დღეს, ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს წარმოადგენს, იცის რამდენი შრომა ჩავდე ჩემი კარიერის შენებაში.

პირველად ნაკრებში 9 წლის წინ გამომიძახეს და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემს კარიერაში. ეროვნული ნაკრების გარეშე ფეხბურთელის კარიერული ცხოვრება სრულფასოვანი არასოდესაა. ყველა ფეხბურთელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული სწორედ ნაკრებია და მეც არ ვარ გამონაკლისი.

ცხოვრებაში არავინ დამჭირვებია მინდორზე მოსახვედრად. ყველამ, ვისაც ფეხბურთი უყვარს, იცის, რომ ჩემს მიერ გატანილი გოლების და დაშვებული შეცდომების უკან მხოლოდ მე ვდგავარ. არავინ და არაფერი ჩემი შრომისა და ფეხბურთის სიყვარულის გარდა.

ყველამ, ვინც წარმოადგენს ნაკრებს და ფედერაციას, იცის, რომ ეს ჩანაწერი ყველაზე ბოლომ მოვისმინე. თქვენთვის ამ ჩანაწერში ნაკრების წევრებზე საუბრობენ და ჩემთვის მეგობრებზე. ამიტომ განსაკუთრებით მძიმე და მიუღებელია საუბრის შინაარსი ჩემთვის.

ნაკრებს აქვს ისტორიული შანსი და ამ შანსის გამოსაყენებლად ყველაფერს გავიღებ. ყველანაირ პირადულ წინააღმდეგობას გადავლახავ. ჩემთვის მთავარია არ დაზარალდეს ჩვენი დიდი საფეხბურთო ოჯახი და ამიტომ მზად ვარ მივიღო ფედერაციის ნებისმიერი გადაწყვეტილება“, – წერია ყაზაიშვილის განცხადებაში.

აუდიოჩანაწერის მიხედვით, ნოდარ ნიშნიანიძე (ვაკო ყაზაიშვილის ცოლისძმა) ნაკრების მწვრთნელს, ლადო დვალიშვილს დაუკავშირდა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს დაემუქრა.