კობა ჟორჟიკაშვილმა, რომელსაც სხვადასხვა ასაკის ნაკრებებში მუშაობის გამოცდილება გააჩნია, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ კომენტარი გააკეთა ერთა ლიგაზე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშებზე და გუნდის ნაკლი საინტერესოდ გაანალიზა.
„ნაკრებს ვულოცავ, რომ ჯგუფში დავალებას თავი წარმატებით გაართვა. ეს ყველას დამსახურებაა – გუნდის, მწვრთნელთა სტაფის და პერსონალის. ასევე მადლობა უეფა-ს, რომ ასეთი ტურნირი მოიგონა, რადგან ერთა ლიგა გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი რანგის შესაბამის გუნდებს ვეთამაშოთ და ამ თამაშებით ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის იმედი და რწმენა გვქონდეს. დარწმუნებული ვარ, ასეთი ტურნირი ადრე რომ ყოფილიყო, ფინალურ ეტაპზე გავიდოდნენ, ისეთი თაობები გვყავდა.
ეს გამოსვლა შედეგებით კარგია, მაგრამ ყველაზე მეტი ანალიზი წარმატების დროს არის საჭირო, რადგან მოგება ადუნებს ადამიანს და ის ელემენტარული შეცდომები, რაც ყველა თამაშს ახლავს, უნდა განვიხილოთ. კარგია, რომ სანიოლმა სამმცველიან ტაქტიკას მიაგნო. ის მცველი იყო და უკანა ხაზის პრობლემა გადაჭრა, მაგრამ გადაჭრა რაღაცის ხარჯზე. ოთხი მცველის დროს უკანა ხაზში რაღაც სივრცეებს ვერ ვაკონტროლებდით. იძულებული გახდა, ერთი მცველი დაემატებინა და გუნდი უკან დაეწია.
თუ დააკვირდებით, არავითარ შემთხვევაში მაღალ პრესინგს არ ვიწყებთ, გუნდებს ჩვენს ნახევარზე ვხვდებით და ხაზებს შორის მანძილები დაპატარავებულია. ჩვენ ისეთ მეტოქეებს ვეთამაშებით, რომლებსაც ინდივიდუალურად კარგი შემსრულებლები არ ჰყავთ, რომლებიც ამ სივრცეებს მოძებნიან და გამოიყენებენ. იყენებენ სტანდარტებს ან შორეულ დარტყმებს და ამ დროს მეკარეები კარგები გვყავს. წინა ციკლში ჩვენს გამარჯვებაში დიდი როლი ჩაკვეტაძემ შეასრულა, ახლა კი კვარაცხელიამ – ეს ბიჭი ღმერთმა მოგვივილინა და მასზე ყველა საუბრობს. უნდა ვილოცოთ, რომ მან ამ წნეხს გაუძლოს და შრომა გააგრძელოს. კვარაცხელიას უკეთ გამოყენება შესაძლებელია, მაგრამ ამის საშუალებას გუნდი არ იძლევა. ხვიჩა კარგია კარიდან 20-25 მეტრში, რომ ინდივიდუალური თვისებები გამოიყენოს, მაგრამ საამისოდ გუნდმა ზემოთ უნდა ამოიწიოს. თუმცა, დაცვას უჭირს 50-მეტრიანი დისტანციის გაკონტროლება, რომელიც ასეთ დროს მასსა და მეკარესა შორის წარმოიქმნება. ამიტომ გოლები კონტრშეტევებზე, ინდივიდუალიზმის ხარჯზე გავიტანეთ, გუნდურობა კი ნაკლებად ჩანდა. გუნდურად რომ შეუტიო, პირველ ნომრად უნდა ითამაშო. ეს გიბრალტართან და ბულგარეთთან ვცადეთ და პრობლემები გამოჩნდა. სანამ კვარაცხელიასთან მივა ბურთი, 3-4 გადაცემა გვჭირდება, როდესცა მეტოქე დაცვაში დახევას ახერხებს. ერთის მხრივ ეს კარგია, რადგან დაცვაში პატარა სივრცეს ვიცავთ და გოლებს არ ვუშვებთ, მაგრამ შეტევას პოტენციალი აკლდება.
ამ და ვაისის ფორმაციის ნაკრებების პრობლემაა გეგმა „ბ“ – ვთამაშობთ დაცვიდან და „არ გავუშვათ“. თითქმის ყველა ის თამაში, რომელშიც პირველი გოლი გავუშვით, წავაგეთ. ერთადერთი სომხეთთან ვითამაშეთ ფრედ. ვაისის დროსაც ჯგუფში პირველზე გავედით, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიასთან გოლი გავუშვით და მერე არ ვიცოდით, როგორ შეგვეტია. ამ საკითხებზე უნდა ვიმუშაოთ. პოზიციური შეტევების გაძლიერებაა მნიშვნელოვანი. სტატისტიკა ვნახე და პასების უმრავლესობა ცენტრალურ მცველებზე მოდის, ერთმანეთს რომ უგორებენ. ადრე უკან და გვერდზე პასს პლუსში არ თვლიდნენ. გუნდმა ზემოთ უნდა ამოიწიოს და ბურთს მეტოქის ნახევარზე აკონტროლებდეს. ამას სჭირდება დიდი კონცენტრაცია, კარგი ტექნიკა, ფიზიკური მომზადება. ეს იოლი მისაღწევი არაა. ბურთის დაკარგვის დროს კონტრშეტევის დიდი რისკია. ყველაზე მეტი ჯარიმა კვეკვესკირს აქვს აღებული, რადგან მას უწევდა მეტოქის შეჩერება. ეს რისკ-ფაქტორებს შეიცავს.
შეგვიძლია თუ არა ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილები? რა თქმა უნდა, მაგრამ არის პორბლემები. კანკავას შემდეგ წამრთმევი საყრდენები გვაკლია. კვეკვესკირი კარგია, მაგრამ სისრაფეებზე პრობლემები ექმნება. ფლანგის მცველები უფრო შემტევები არიან, მაგრამ ჯერ წამრთმევებიც უნდა იყვნენ. კაკაბაძე წინ უფრო აქტიურია, დაცვაში კი შეცდომებს უშვებს. აზაროვი და წიტაიშვილი ბავშვობიდან შემტევები იყვნენ და უკან დახიეს. ამას თუ მოვაგვარებთ, მერე უფრო თამამად ვილაპარაკებთ. სიმართლეს თვალებში შევხედოთ – ერთა ლიგის ეს ჯგუფი განმსაზღვრელი არაა, შესარჩევ ციკლში ახლა უფრო ძლიერ ნაკრებებთან მოგვიწევს თამაში. ფედერაციასა და ნაკრებში კარგი ანალიტიკური ჯგუფია და ამას მიხედავენ, მაგრამ მეტი დაცვითი სტილის მოთამაშები გვჭირდება.
ადრე არ გვყავდა კარზე დაგეშილი ფორვარდი. ბუდუ ზივზივაძე კი კარგი შენაძენია, რომელიც ყველა ვითარებაში კარგად მოქმედებს და შედეგიანობაც გაიზარდა. მიქაუტაძესაც კარის აღების კარგი ალღო აქვს, საჯარიმოში კარგად იხსნება, სულ დასარტყმელ პოზიციაზეა და გატანას ცდილობს. საფრანგეთის მეორე ლიგა იოლი სათამაშო არაა და იქ ბომბარდირია. დავითაშვილსაც კარგი ინდივიდუალური თვისებები გააჩნია. წიტაიშვილი მარჯვენა შემტევადაც მომწონს. ორი ისეთი სრულფასოვანი მეკარე გვყავს, რომ მწვრთნელს არჩევანი აქვს. კარგია, რომ გუნდში სასურველი ატმოსფეროა. თუმცა, ვიმეორებ, შუა ხაზი შეტევაში უკეთ გამოიყურება, ვიდრე დაცვით ფაზაში“, – ამბობს კობა ჟორჟიკაშვილი.