კობა ჟორჟიკაშვილი - „სიონს“ ისეთი ფუნდამენტი სჭირდება, ეროვნულ ლიგაში ასვლიდან ერთ წელში რომ არ გავარდეს #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ბოლნისის „სიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, კობა ჟორჟიკაშვილმა კლუბის მიზნებსა და ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„იანვარში დავიწყე მუშაობა, კლუბში ოთხი მოთამაშე დაგვხვდა. დროისა და ფინანსების სიმცირიდან გამომდინარე, გარკვეული სამუშაოები ჩავატარეთ, მაგრამ ეს არაა საკმარისი საიმისოდ, რაც ამ ქალაქსა და რეგიონს უნდა. ამოცანა ისეთი გუნდის ჩამოყალიბებაა, რომელიც ეროვნულ ლიგაში გადავა. გასათვალისწინებელია, ისეთი ფუნდამენტი იყოს ჩაყრილი, ასვლიდან ერთ წელში იქიდანც რომ არ გავარდეს. მინდა, „სიონი“ ერთწლიანი გუნდი არ იყოს. საამისოდ საჭიროა, მოთამაშეებთან გრძელვადიანი კონტრაქტები გაფორმდეს.
რეგიონში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა. „დინამოს“ აკადემიაშიც უამრავი ბოლნისელია. ახალგაზრდებისა და გამოცდილების სინთეზი გვჭირდება. რა თქმა უნდა, გუნდის სრულფასოვანად დაკომპლექტების საშუალება არ გვქონია, თუმცა პირველი წრე სამეულში დავასრულეთ და გვინდა, მეორე წრეც ნაყოფიერად გამოვიყენოთ. სამწუხაროდ, ხან ბალახზე ვვარჯიშობთ, ხან – ხელოვნურ ხალიჩაზე, ბოლნისში სავარჯიშო მოედანი არაა. ინფრასტრუქტურა კი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამბობს კობა ჟორჟიკაშვილი.