კობა ჟორჟიკაშვილი - რეიტინგში უკან მივდივართ და არ ვიცი, წინსვლა რაში გამოიხატება #1TVSPORT
ბოლნისის „სიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, კობა ჟორჟიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ქართულ ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
„საქართველოს ჩემპიონატზე გამიჭირდება ვთქვა, რომ წინ მიდის. ამაზე ყველაზე კარგად ევროთასებზე ჩვენი კლუბების გამოსვლა მეტყველებს, უეფა-ს რეიტინგში უკან მივდივართ და არ ვიცი, წინსვლა რაში გამოიხატება.
ფინანსები არაა და სანამ ქართული კლუბები კერძო მესაკუთრეების ხელში არ გადავა, არაფერს ველი. ყველა მათგანი კერძო უნდა გახდეს, სახელმწიფომ კი ხელი უნდა შეუწყოს ინფრასტრუქტურის განვითარებას, თორემ სახელმწიფოს კლუბებში არიან ადამიანები, რომლებიც ხელფასს იღებენ და რეალურად არაფერს აკეთებენ.
ამაზე საუბარი პოლიტიკამდე მიგვიყვანს. ბიზნესმენები სახელმწიფომ უნდა დააინტერესოს და შეღავათები მისცეს. ევროპაში ვინც კერძო კლუბს ფლობს, ყველას ინფრასტრუქტურით ეხმარებიან ან შეღავათიანი კრედიტებით საშუალებას აძლევენ, სტადიონები და ბაზები თავად ააშენონ.
ფეხბურთი სოციალური კუთხითაც უნდა განვიხილოთ. ეს ჯანსაღი ცხოვრების წესია, ჯანმრთელი თაობა გეზრდება. ახალგაზარდები ქუჩაში არ დადგებიან და ენერგია არა ჩხუბში, არამედ სტადიონზე დაიხარჯება.
ჩვენს პირველობას თუ შევფუთავთ, წაგვადგება. ისეთი კარგი ჩემპიონატი შეიძლება გამოვიდეს, როგორც ეს ნიდერლანდებსა და მსგავს ქვეყნებშია. რომის იმპერიიდან მოყოლებული ყველამ იცის, რომ ადამიანებს უყვართ პური და სანახაობა. ფეხბურთი კი პირველი სანახაობაა, რომელსაც ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა კობა ჟორჟიკაშვილმა.