კობა ჟორჟიკაშვილი - ნაკრებში უფრო მეტი სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშე გვჭირდება #1TVSPORT
კობა ჟორჟიკაშვილი - ნაკრებში უფრო მეტი სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი მოთამაშე გვჭირდება #1TVSPORT

გამოცდილმა სპეციალისტმა, კობა ჟორჟიკაშვილმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ მაროკოსთან გამართულ ამხანაგურ მატჩში (0:3) წაგებამ საქართველოს ნაკრების პრობლემები გამოაჩინა.

„საქართველოს პირველ არხთან „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ვთქვი, რომ ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე უფრო ძლიერ მეტოქეებთან გაცილებით რთული თამაშები გველოდა, რადგან გაცილებით ძლიერ ნაკრებებს შევხვდებით.

სამწუხაროდ, მაროკოსთან მატჩმა ამაში დამარწმუნა. ჩვენს ნაკრებში ისეთი მოთამაშეების დეფიციტია, რომლებსაც მაღალი პრესინგით თამაში შეუძლიათ. ეს ფიზიკური კონდიციების ბრალია. თანამედროვე ფეხბურთში დაცვიდან შეტევაზე გადასვლას და უკან დროულად დახევას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ნაკრებს კი ეს უჭირს მაღალი დონის ნაკრებთან და ეს მაროკოსთან გამოჩნდა.

არავის საწყენად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ასეთი ნახევარდაცვით და დაცვით ძლიერ გუნდებთან თამაში გაგვიჭირდება. ჩვენ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლდა და ამასაც ვითვალისწინებ. მაგრამ მომავალზე რომ ვფიქრობთ, აუცილებლად გვჭირდება სწრაფი ნახევარმცველები და მცველები, რომლებიც დიდ დატვირთვებს უძლებენ.

სანიოლი როდესაც ნაკრებში დაინიშნა, ისეთი სათამაშო სქემა შეარჩია, რომელმაც ერთა ლიგაზე, მეტოქეთა დონის გათვალისწინებით, გაამართლა. მაგრამ ევრო 2024-ზე უფრო მაღალი დონის მეტოქეები გვეყოლება, მათთან კი ჩვენი ნაკრების არსებული პრობლემები უფრო გამოჩნდება. ახლა ვილი სანიოლს ამის გათვალისწინებით ბევრი საფიქრალი აქვს და ამ პრობლემების მოგვარებაც მოუწევს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კობა ჟორჟიკაშვილმა.