კლუბებთან შეხვედრას მსაჯებიც ესწრებოდნენ - ფედერაციამ ბოლო რვა დღეში ლიგის წარმომადგენლები მეორედ შეკრიბა #1TVSPORT
ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებთან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, როგორც ორგანიზატორმა, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნულ ფორმატში პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის 14 მაისს გაიმართა. სფფ-ს ინფორმაციით, ამჯერად, შეხვედრას კლუბის ხელმძღვანელებისა და მთავარი მწვრთნელების გარდა, ესწრებოდნენ სფფ-ის მსაჯთა განყოფილების წარმომადგენლები და ეროვნული ლიგის მომსახურე მსაჯები და როგორც ჩანს, ერთ-ერთი თემა მსაჯობაც იყო. ცნობაში კი მითითებულია – „შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და მიმდინარე საფეხბურთო სეზონზე, არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს“.
კლუბებთან გამართული შეხვედრის შესახებ კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა.
„ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებთან შეხვედრები წინა კვირას დავიწყეთ. შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა სპორტულ თემატიკას შეეხებოდა, ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი მწვრთნელების უშუალო ჩართულობა. საკმაოდ პროდუქტიული და საჭირო შეხვედრა გამოდგა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ, ეროვნული ჩემპიონატისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის გავითვალისწინოთ ის რჩევები და მოსაზრებები, რომელიც დღეს ერთმანეთს გავუზიარეთ,“ – განაცხადა მუჯირმა.