კლუბების დირექტორებიც სწავლობენ - ფეხბურთის მენეჯმენტის პროგრამა გაიხსნა #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ ორგანიზებული პროგრამა „სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში“ დაიწყო.
2022 წელს კურსზე 32 მონაწილე ირიცხება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მსმენელები სხვადასხვა მიმართულების წარმომამდგენლები არიან – ახალგაზრდა მენეჯერი ბაჩანა ცხადაძე, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი თოთლაძე, „საბურთალოს“ ფეხბურთელი დაჩი ცნობილაძე, „ლოკომოტივის“ აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე ჩოთალიშვილი, „სამტრედიას“ სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი, ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების უფროსი თემურ ბოჭორიშვილი, ქუთაისის „ტორპედოს“ გენდირექტორი გიორგი მჭედლიძე, „დინამო თბილისის“ პრეს-სამსახურის უფროსი ირაკლი ბუხალი, ეროვნული ლიგის კომენტატორი ამირან შაიშმელაშვილი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა კურსის მსმენელებს სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. პროგრამის მთავარი მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარება და განკუთვნილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისთვის.
პროგრამა 6 მოდულისგან შედგება: მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა; სტრატეგიული მართვა; მარკეტინგი და სპონსორობა; ოპერაციული მართვა; მედია და საზოგადობასთან ურთიერთობა; ღონისძიებების მართვა.
კურსის ფინალური გამოცდები 2022 წლის 15-16 სექტემბერს ჩატარდება, ხოლო დაჯილდოების ცერემონიალი 17 სექტემბერს გაიმართება.