„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის განცხადებით, მოჰამედ სალაჰი მერსისაიდულ კლუბში ბედნიერია.
ეგვიპტელმა ფეხბურთელმა მედიასთან საუბრისას, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკმაყოფილო იყო გერმანელი სპეციალისტის გადაწყვეტილებით, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „მიტდიულანდთან“ შეხვედრაში კაპიტნად სალაჰი არ დააყენა. სამკლაული ამ შეხვედრაში არნოლდს ეკეთა.
ამან მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, თითქოს ფეხბურთელი „ლივერპულში“ ყოფნით უკმაყოფილოა და სხვა გუნდში სურს გადასვლა, რაზეც კლოპმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეგვიპტელი ბედნიერია.
„სალაჰი კარგ ხასიათზეა და კარგ ფორმაშია, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ არ გვაქვს სურათები წინა ვარჯიშიდან, მაგრამ რომ გვქონოდა განახებდით რამდენს იცინოდა“, – აცხადებს კლოპი.
სალაჰი პრემიერლიგის ბოლო ტურში „კრისტალ პალასის“ წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე იჯდა. მიუხედავად ამისა, ის მეორე ტაიმში გამოვიდა და საგოლე გადაცემა შეასრულა და 2 გოლი გაიტანა. „ლივერპულმა“ ჰოჯსონის გუნდი გაანადგურა 0:7.
ეგვიპტელს ამ სეზონში ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე მეტი, 13 გოლი აქვს გატანილი. „ლივერპული“ კი 14 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე იმყოფება და უახლოეს მიმდევარს, „ლესტერს“ 4 ქულით უსწრებს.
მერსისაიდული კლუბი 2018-19 წლებშიც ამ დროს ცხრილის სათავეში იმყოფებოდა, მაგრამ ვერ მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება. 2020 წელს კი კლოპის გუნდმა იგივე შეცდომა აღარ დაუშვა და სანატრელი ტიტული მოიპოვა.
კლოპმა ამის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ახალი წლის პერიოდში ლიდერობა ჩემპიონობას არ ნიშნავს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უკვე ორჯერ ექნებოდათ ტიტული მოპოვებული.
„ლივერპული“ შემდეგ შეხვედრას „ენფილდზე“, 27 დეკემბერს, „ვესტ ბრომვიჩის“ წინააღმდეგ გამართავს.