იურგენ კლოპი მადრიდის „ატლეტიკოს“ აფრთხლებს, რომ 11 მარტს სტადიონ „ენფილდის“ ტრიბუნები ისეთივე შემაშინებელი იქნება სტუმრებისთვის, როგორიც „ვანდა მეტროპოლიტანო“ იყო 18 თებერვლის მატჩისას.
შეგახსენებთ, რომ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში, მადრიდელებმა „ლივერპული“ საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი თამაშის მეოთხე წუთზე საულ ნიგესმა გაიტანა.
„მადრიდელ გულშემატკივრებს, ვინც ბილეთს იშოვის, ველით ენფილდზე“, – თქვა კლოპმა მატჩის შემდეგ. – „ემოციები მნიშვნელოვანია და დღეს, ბუნებრივია, მთელი სტადიონი მათ მხარეს იყო. დიდი მოლოდინი მაქვს მეორე მატჩისა. ჯერ მხოლოდ ერთი ნახევარი დასრულდა და 0-1 ვაგებთ. მეორე ნახევარი ჩვენს სტადიონზე იქნება და ისინი ამას იგრძნობენ“.
აღსანიშნავია, რომ დაცვაში კარგად მოთამაშე „ატლეტიკოს“ კარის ჩარჩოში ლივერპულელებმა ვერც ერთი დარტყმის შესრულება ვერ შეძლეს და მსგავსი რამ კლოპის მწვრთნელობის პერიოდში მხოლოდ მეორედ მოხდა.