კლოპი „ლივერპულის“ ხელმძღვანელობისგან დავიდ ალაბას დამატებას ითხოვს
იურგენ კლოპს „ლივერპულის“ გაძლიერება ახალი ფეხბურთელებით სურს და ცენტრალური მცველის დამატებას ითხოვს. მას შემდეგ რაც ვირჯილ ვან დეიკმა სეზონის დასაწყისში მძიმე დაზიანება მიიღო და მერსისაიდულ კლუბს გამოაკლდა, გუნდი დაცვაში არც თუ ისე საიმედოდ გამოიყურება. სეზონის დიდი ნაწილი გუნდმა ნომინალური ცენტრალური მცველის გარეშე ჩაატარა, რადგან ჰოლანდიელი ფეხბურთელის შემდგომ ჯო გომესმა და ჯოელ მატიპმაც მიიღეს ტრავმა.
ბოლო პერიოდში „ლივერპული“ ცუდად გამოიყურება. პრემიერლიგაში წარუმატებლად ასპარეზობას, ინგლისის ასოციაციის თასზე პრინციპულ მეტოქესთან, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მარცხი და ტურნირიდან გამოვარდნა დაემატა.
როგორც Don Balon იუწყება, გერმანელი სპეციალისტი დავიდ ალაბას ტრანსფერს აქტიურად ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ავსტრიელი ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნს“ ზაფხულში ტოვებს და მის დამატებასთან ყველაზე ახლოს მადრიდის „რეალია“. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მხარეებმა კონტრაქტის დეტალებზეც მოილაპარაკეს, მაგრამ ეს ტრანსფერი, შესაძლოა, იურგენ კლოპმა ჩაშალოს, რომელსაც შემდეგი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერება სურს.