კლეი ტომპსონის აზრით კანადელი გულშემატკივრების რეაქცია კევინ დურანტის ტრავმაზე მიუღებელია
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოქმედმა ჩემპიონმა ფინალურ სერიაში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 3:2.
„გოლდენ სტეიტ ვორიორზმა“ „ტორონტოს“ სერიის რიგით მეხუთე მატჩი დრამატულ და დაძაბულ ბრძოლაში მოუგო – 105:106. „ვორიორზის“ ფანებისთვის შეხვედრის მეორე ნახევარში ძალიან უსიამოვნო ფაქტი მოხდა: კევინ დურანტმა, რომელიც მოედანს პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ამჯერად მორიგი ტრავმა მიიღო. ის თანაგუნდელების დახმარებით გაიყვანეს პარკეტიდან და მოედანზე აღარ დაბრუნებულა.
დურანტულას მოედნიდან გასვლა საკმაოდ უხეშად აღნიშნეს ტორონტოს ფანებმა, რომლებიც ამ ფაქტს ოვაციებით და ტაშით შეხვდნენ. მატჩის შემდეგ, ინტერვიუში „გოლდენ სტეიტის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კლეი ტომპსონმა დურანტის ტრავმაზე ისაუბრა.
„ვორიორზის“ მსროლელის თქმით, მსგავსი საქციელი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
„კევინმა დაამტკიცა, რომ პლანეტაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. ის კი, რაც დღეს მოედანზე ხდებოდა კანადელი ფანების მხრიდან, უბრალოდ ამაზრზენია“, – განაცხადა ტომპსონმა.