იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი „ფულჰემის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მისი წინამორბედი სლავიშა იაკანოვიჩი პოსტიდან, ოთხშაბათს ცუდი შედეგების გამო დაითხოვეს. პრემიერლიგის 12 ტურის შემდეგ, ლონდონური კლუბი ცხრა ქულით ბოლო ადგილზეა.
„ჩემთვის დიდი პატივია „ფულჰემის“ გაწვრთნის შესაძლებლობა რომ მომეცა. ეს არის ფანტასტიკური კლუბი ტრადიციებითა და ისტორიით. „ფულჰემის“ მიზანი არასოდეს არ უნდა იყოს უბრალოდ, პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება. ყოველთვის ძლიერი მოწინააღმდეგე უნდა ვიყოთ და წარმატებას მივაღწიოთ“ – მოჰყავს კლუბის ოფიციალურ გვერდს რანიერის სიტყვები.
რანიერის თანხმობით „ფულჰემის“ მფლობელი შაჰიდ ჰანი, ძალიან კმაყოფილი დარჩა და არ დამალა, რომ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კანდიდატთან აწარმოებდა.
„რანიერის მოწვევა არანაირი რისკის ფაქტორს არ შეიცავს, რადგან ის კარგად არის მზად პრემიერლიგისთვის. მან იცის, დღეს რა სჭირდება „ფულჰემს“. იტალიელმა სულ ცოტა ხნის წინ, ლეგენდარული სამუშაო გასწია „ლესტერში“, ასევე არ უნდა დაგვავწყდეს „ჩელსიში“ მიღებული უდიდესი გამოცდილება. ცხადია, რომ ექსტრაორდინალური სპეციალისტი მივიღეთ“ – განაცხადა ჰანმა.
შეგახსენებთ, რომ რანიერი „ლესტერთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა.