20 ივნისს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მძიმე წონით დივიზიონში საკმაოდ საინტერესო ბრძოლა გაიმართება. კიურტის ბლეიდსი ალექსანდრ ვოლკოვს დაუპირისპირდება. აღნიშნული ბრძოლა უფრო ადრე იყო ჩანიშნული, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ორგანიზაციის გეგმები შეიცვალა. ჯერჯერობით უცნობია ლოკაცია, თუმცა ცნობილია, რომ ეს დაპირისპირება ქარდის მთავარი ბრძოლა იქნება.
ბლეიდსმა (13-2-1) UFC-ის ოქტაგონზე ბოლო სამი ბრძოლა მოიგო. მან ისეთ მეტოქეებს სძლია როგორებიც არიან ყოფილი ჩემპიონი ჯუნიორ დოს სანტოსი, ასევე შამილ აბდურახიმოვი. 29 წლის ათლეტმა ერთადერთი მარცხი ფრენსის ნგანუსთან განიცადა. 2014 წლის შემდეგ მან 10 კონკურენტს სძლია.
ვოლკოვს (31-7) UFC-ის ოქტაგონზე ხუთი ბრძოლა აქვს მოგებული და მხოლოდ ერთი მარცხი განცდილი. მან დაამარცხა ფაბრიციო ვერდუმი, გრეგ ჰარდი, სტეფან სტრუვი, როი ნელსონი და ტიმოთი ჯონსონი.
20 ივნისის ქარდზე ასევე შემდეგი ბრძოლებია ჩანიშნული: როქსან მოდაფერი – ლორენ მერფი, ბელალ მუჰამადი – ლიმან გუდი, ტეცია ტორესი – ბრაიანა ვან ბურენი, ჯოშ ემეტი – შეინ ბურგოსი და კორტნი ქეისი – გილან რობერტსონი.