კიტეიშვილმა წლის პირველი გოლი გაიტანა - „შტურმმა“ თურქული შეკრება მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა 2023 წელს პირველი გოლი გაიტანა და გრაცის „შტურმს“ თურქეთში მიმდინარე შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩის მოგებაში დაეხმარა.
გრაცელები სიდეში, საწვრთნელ ბანაკში „ვადუცს“ დაუპირისპირდნენ და ლიხტენშტაინის გუნდი 2:1 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს.
ავსტრიელებმა ანგარიში მე-5 წუთზე იაკობ იანჩერის ზუსტი დარტყმით გახსნეს. გავიდა ექვსი წუთი და ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმის“ უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. საჯარიმოში შეჭრილმა ქართველმა ნახევარმცველმა მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა.
მე-40 წუთზე ლიხტენშტეინელთა ავსტრიელმა თავდამსხმელმა მანუელ ზუტერმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ „ვადუცმა“ ანგარიშის გათანაბრება და თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და „შტურმმა“ 2:1 მოიგო.
„დღეს ჩვენ ვეთამაშეთ ძალიან კარგ მეტოქეს, „ვადუცში“ ფიზიკურად ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან და საფეხბურთო კუთხითაც კარგად გამოიყურებოდნენ. ჩვენ გვჭირდებოდა ძალიან სწრაფი თამაში. ეპიზოდებში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ზოგჯერ სასურველ თამაშს ვერ ვაჩვენებდით. მეორე ტაიმში ძალიან კარგი მომენტები შევქმენით, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ“, – განაცხადა თამაშის შემდეგ „შტურმის“ მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილსერმა.