გრაცის „შტურმმა“ ორი საკონტროლო მატჩი გამართა, რომელთაგან ერთი მოიგო, ერთიც წააგო, მოგებულ შეხვედრაში კი თავი ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინა.
გუნდი პირველ შეკრებას ასრულებს და მწვრთნელმა ყველა მოთამაშის გამოცდა გადაწყვიტა. გრაცის გუნდმა „ლიფერინგის“ წინააღმდეგ გაიბრწყინა, ხოლო ლინცის „ბლაუ ვაიცთან“ წააგო.
ოთარ კიტეიშვილმა დაბალი ლიგის „ლიფერინგის“ წინააღმდეგ ითამაშა და დუბლი შეასრულა – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მეტოქეს პირველი ორი გოლი მე-13 და 29-ე წუთზე გაიტანა.
მისმა თანაგუნდელმა კელვინ იებოამ პოკერი (38, 39, 42, 70) შეასრულა, დუბლი ქართველის გარდა მანპრიტ სარკარიას (73, 88) ანგარიშზეა, ხოლო ერთი გოლი ამადუ დანტეს (81) გაიტანა. საბოლოოდ, „შტურმმა“ 9:1 მოიგო.
კიტეიშვილს არ უთამაშია მეორე ტესტ-მატჩი, რომელშიც გრაცის „შტურმი“ ლინცის „ბლაუ ვაიცთან“ 1:3 დამარცხდა. ამ მატჩში გრაცელთა მწვრთნელმა გამოსაცდელი მოთამაშეები დააყენა.