კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - „შტურმმა“ სტუმრად მოიგო #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში „კლაგენფიურტს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა, მაგრამ ქართველი მოთამაშისთვის მატჩი უიღბლო გამოდგა.
კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 80 წუთი ითამაშა. 31-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო, პირველი ნახევარი კი 0:0 დასრულდა.
ოთარ კიტეიშვილს 58-ე წუთზე ანგარიში გახსნის მშვენიერი შანსი მიეცა – მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტის შესრულება მას დაეკისრა, მაგრამ ოთარმა ამ შესაძლებლობით ვერ ისარგებლა.
თუმცა, „შტურმი“ ზუსტად ხუთ წუთში მაინც დაწინაურდა. გრაცელების შეტევა ტონი ჰორვატმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. საბოლოო ანგარიში კი არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე იუსუფ გაზიბეგოვიჩმა დააფიქსირა.
25 ტურის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში „შტურმი“ 30 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ზალცბურს“ (32) ორი ქულით ჩამორჩება.