კიტეიშვილმა „მატერსბურგს“ გაუტანა
კიტეიშვილმა „მატერსბურგს“ გაუტანა

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში გოლი გაიტანა და მე-19 ტურში გრაცის „შტურმს“ ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

„შტურმი“ გასვლაზე „პაპელსტადიონზე“ გამართულ შეხვედრაში „მატერსბურგს“ ესტუმრა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გრაცის გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „მატერსბურგი“ მე-40 წუთზე დაწინაურდა, კიტეიშვილმა კი 55-ე წუთზე მასპინძელთა კარი აიღო და სტუმრებს ქულა მოუტანა 1:1.

„შტურმი“ 19 ტურის შემდეგ 27 ქულით მეხუთე ადგილზეა. კიტეიშვილმა კი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა – მან ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-17 თამაში ჩაატარა და მეორედ გაიტანა. პირველად კიტეიშვილმა თავი 2 დეკემბერს, ავსტრიის ბუნდესლიგაში, „ვოლსფერგერთან“ გამოიჩინა.

საინტერესოა, რომ კიტეიშვილი „შტურმში“ მისთვის ჩვეულ როლში, ცენტრალურ ნახევარმცველად არ თამაშობს – 22 წლის ქართველს ავსტრიელები მარცხენა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე იყენებენ.