კიტეიშვილმა ევროპალიგაზე ისევ გაიტანა - გრაცის „შტურმი“ ევროპალიგის ჯგუფში ითამაშებს #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა ევროპალიგაზე გოლი გაიტანა, გრაცის „შტურმის“ სლოვენიურ კლუბთან გამარჯვებასა და ავსტრიელების ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაში დიდი როლი ითამაშა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდი სლოვენიურ „მურას“ ევროპალიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში საკუთარ სტადიონზე დაუპირისპირდა. კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე კი ქართველმა და მისმა გუნდმა თავისი საქმე გააკეთეს.
გრაცის სტადიონ „გრაც ლიბენაუზე“ გამართულ დაპირისპირებაში ანგარიშის გახსნას კიტეიშვილი 37-ე წუთზე შეეცადა, მაგრამ მცველმა დარტყმა დაბლოკა. თუმცა, ორ წუთში ქართველმა ნახევარმცველმა შედეგს მაინც მიაღწია. საჯარიმოს ბურთიანად მიუახლოვდა და შორიდან დაარტყა – ბურთი მცველს მოხვდა და ტრაექტორიაშეცვლილი კარის ბადეში გაეხვა.
54-ე წუთზე სლოვენიელების ფეხბურთელმა, მატიშ მარუშკომ მეორე ყვითელ ბარათი და შესაბამისად, მოედნიდან გაძევება დაიმსახურა. ავსტრიელებმა რიცხობრივი უპირატესობა მალე გამოიყენეს. 66-ე წუთზე იაკობ იანჩერმა „მურას“ კარი მეორედ აიღო და „შტურმმა“ 2:0 მოიგო.
ავსტრიელებმა პირველი შეხვედრა სლოვენიაშიც ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს (3:1) და ოთარ კიტეიშვილმა მაშინაც გაიტანა. ამ წარმატებულმა თამაშებმა გრაცის „შტურმი“ ევროპა ლიგის ჯგუფში შეიყვანა.