კიტეიშვილმა დუბლი შეასრულა - „შტურმმა“ ჩემპიონობის გაფორმება ბოლო ტურისთვის გადადო [ვიდეო] # 1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგაში შესანიშნავი თამაში ჩაატარა და დუბლი შეასრულა, მაგრამ გრაცის „შტურმა“ ლასკ-თან მნიშვნელოვანი მატჩის მოგება და ჩემპიონობის გაფორმება ვერ შეძლო – 2:2.

ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის 31-ე ტურამდე „შტურმი“ კონკურენტ „ზალცბურგს“ ოთხი ქულით ასწრებდა და ლასკ-თან გასვლით შეხვედრაში გამარჯვებით ჩემპიონობის ტიტულს გაიფორმებდა.

გრაცელებმა თამაში ცუდად დაიწყეს და მე-10 წუთზე ლასკ-ი ფლორიან ფლეკერის გოლით დაწინაურდა. ვითარება ოთარ კიტეიშვილმა შეცვალა – 30-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მასპინძლების მეკარის გადაცემა ჩაჭრა, თანაგუნდელისგან ბურთი დაიბრუნა და წონასწორობა აღადგინა.

შესვენების შემდეგ კიტეიშვილმა ზუსტი დარტყმით დუბლი შეასრულა და „შტურმი“ დააწინაურა, მაგრამ 77-ე წუთზე ლასკ-მა პენალტი მოიპოვა, რომელიც ხორვატმა თავდამსხმელმა, მარინ ლიუბიჩიჩმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში მეორედ გაათანაბრა.

„შტურმმა“ 41 ქულა დააგროვა, კონკურენტ „ზალცბურგს“ ორი ქულით ასწრებს და 2011 წლის შემდეგ ჩემპიონობის მოსაპოვებლად ბოლო ტურში გრაცში „კლაგენფურტი“ უნდა დაამარცხოს. ოთარ კიტეიშვილმა კი ბოლო ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა, სულ 28 მატჩში ცხრა გოლი დაუგროვდა (პლუს ხუთი საგოლე გადაცემა) და გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.