კიტეიშვილმა ავსტრიელები ქართველებით დააინტერესა - ლოჩოშვილი მის არყოფნას „შტურმის“ პრობლემად თვლის #1TVSPORT
„კიტეიშვილს გრაცის „შტურმში“ მართლა დიდი როლი აქვს და არ მიკვირს, რომ მის გარეშე გუნდს ჩავარდნა აქვს“, – ეს საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში საქართველოს ნაკრების და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ 23 წლის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა განაცხადა.
„შტურმმა“ ბოლოს 17 ოქტომბერს „რიდთან“ 1:0 მოიგო, და მას შემდეგ რვა მატჩია, მოგების გემო დაივიწყა – ექვსი წაგება და ორი ფრე ავსტრიის ბუნდესლიგასა და ევროპის ლიგის ჯგუფში ავსტრიული ფეხბურთის ერთ-ერთი ლიდერისთვის სერიოზული ჩავარდნაა. ავსტრიული მედიის და თავად „შტურმის“ მთავარი მწვრთნელის შეფასებით, მიზეზი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის არყოფნაა.
„მე არ მიკვირს არც ავსტრიელების და არც „შტურმის“ მწვრთნელის ეს შეფასებები, რადგან ოთარის წინააღმდეგ მითამაშია და ვიცი, მას გუნდში რამხელა როლი აქვს. ძალიან დიდი დონის და მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, კარგი სახელი აქვს და ყველა მეტოქე უფრთხის. მისი უთამაშებლობა „შტურმისთვის“ დიდი დანაკლისია“, – ამბობს ლუკა ლოჩოშვილი.
23 წლის მცველის თქმით, ოთარ კიტეიშვილის კარგი თამაში სხვა მნიშვნელოვან ამბებსაც განაპირობებს.
„კიტეიშვილის კარგი თამაში ავსტრიაში ქართველებს გზას უხსნის. ოთო ძალიან უყვართ როგორც მოთამაშე და პირვნულადაც უდიდეს პატივს სცემენ. დარწმუნებული ვარ, მის გამო ავსტრიული გუნდები ქართველი ფეხბურთელებით უფრო დაინტერესდებიან“, – ამბობს საქართველოს ნაკრების და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელი.