გერმანულმა სამენჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ ავსტრიის ბუნდესლიგაში დასრულებული სეზონის შემდეგ ფეხბურთელების შეფასებებში ცვლილება შეიტანა და ოთარ კიტეიშვილის სატრანსფერო გრაფაში კვლავ ორი მილიონი ევრო მიუთითა.
8 აპრილს, პანდემიის გამო მსოფლიოში შეჩერებული საფეხბურთო ტურნირებისა და მსოფლიო ეკონომიკის რყევის გამო, ავტორიტეტულმა ინტერნეტ-სააგენტომ სატრანსფერო ფასები მთელ მსოფლიოში შეამცირა.
ამ დროს, საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველის შეფასება 2 მილიონი ევროდან 1,5 მილიონი ევრომდე შემცირდა. ახლა კი ოთარის შეფასება ძველ მაჩვენებელს მიუახლოვდა და დღეისათვის ის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, ვისი შეფასებაც ცნობილმა სამენჯერო სააგენტომ გაზარდა.
24 წლის ნახევარმცველი თბილისის „დინამოდან“ გრაცის „შტურმში“ ზუსტად ორი წლის წინ, 2018 წლის 31 ივლისს გადავიდა. მაშინ მისი პირობითი სატრანსფერო ფასი 800 ათასი ევრო იყო. ავსტრიაში თამაშით კი კიტეიშვილის ფასი 2 მილიონამდე გაიზარდა.