კიტეიშვილის გენიალური გადაცემა - ქართველი ნახევარმცველი ძირითადს შთამბეჭდავად დაუბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
„კიტეიშვილის გადაცემა გენიალური იყო“, – ასე შეაფასა მატჩის კომენტატორმა ოთარ კიტეიშვილის მოქმედება, რომელმაც გრაცის „შტურმს“ ვენის „ავსტრიასთან“ პრინციპული შეხვედრა მოაგებინა.
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში ხანგრძლივი იძულებითი შესვენების შემდეგ ჯერ მოედანს დაუბრუნდა, ახლა კი გრაცის „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა (78-ე წუთზე შეცვალეს) და ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში უშუალო კონკურენტთან გადამწყვეტი როლი შეასრულა.
„მერკურ არენაზე“ შეხვედრის 51-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც საჯარიმოს რკალთან მყოფმა ქართველმა ნახევარმცველმა ბურთი მცველებს თავზე გადაუგდო და ჯონ სტანკოვიჩი მეკარესთან პირისპირ დატოვა, სლოვენიის ნაკრების თავდამსხმელმა კი „აუსტრიას“ კარი აიღო და „შტურმს“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა – 1:0.
მოგების შემდეგ გრაცელებმა 27 ქულა დააგროვეს, 26-ე ტურის შემდეგ ავსტრიის ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე არიან და ვენის „რაპიდს“ 5 ქულით ასწრებენ, ლიდერ „ზალცბურგს“ კი (39) დიდი ალბათობით, დარჩენილ 6 ტურში ვეღარ დაეწევიან.