კიტეიშვილის გარეშე „შტურმი“ ვერ იგებს - ელოშვილმა დუბლი შეასრულა #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგასა და მეორე ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველებიდან თავის გამოჩენა მხოლოდ ლევან ელოშვილმა მოახერხა, ბუნდესლიგის შეხვედრებმა კი ქართველების გარეშე ჩაიარა.
მე-15 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერმა“ გასვლაზე „ტიროლთან“ ითამაშა და დიდი ანგარიშით დამარცხდა 1:5. ქართველ მცველს მცირე ტრავმა აწუხებს და განაცხადში არ ყოფილა.
ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმისთვის“ ოდნავ უკეთესი სათამაშო დღე იყო – გრაცელები საკუთარ სტადიონზე „ლასკს“ დაუზავდნენ 3:3. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ტრავმირებულია და გუნდს ვერ ეხმარება, რაც „შტუმის“ შედეგბზე პირდაპირ აისახება – გუნდი მეორე ადგილზეა, მაგრამ კიტეიშვილის გარეშე გაუჭირდა. გუნდმა 8 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 5 წააგო.
წარმატებული ტური მხოლოდ ლევან ელოშვილს ჰქონდა – 24 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მეორე ბუნდესლიგის „კაპფენბერგში“ ლინცის „ბლაუ-ვეისთან“ გასვლით მატჩში დუბლი შეასრულა. ელოშვილმა ლინცელების 34-ე და 38-ე წუთებზე გაუტანა და თავისიანები დააწინაურა (2:1), თუმცა, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება 90+5-ე წუთზე მაინც შეძლეს – 2:2.
არ უთამაშია ლევან ჟორდანიას, რომელიც ვენის „აუსტრია 2“-ის განაცხადში იყო ლუშტენაუს „აუსტრიასთან“ საშინაო შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 1:2 წააგო.