ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის გუნდი გრაცის „შტურმი“ გასვლაზე ზალცბურგში ლიდერ „რედ ბულთან“ დიდი ანგარიშით 2:5 დამარცხდა. ამის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა მაინც გამორჩეული შეფასება დაიმსახურა.
კიტეიშვილი ავსტრიული ფეხბურთის ბოლო წლების გრანდთან შეხვედრაში გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო 79-ე წუთზე მასპინძელთა კარი აიღო.
ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო პორტალმა „სოპასქორმა“, 10-ქულიან სისტემაში, ქართველი ნახევარმცველის თამაში 7,7 ქულით შეაფასა, რაც ასეთი ანგარიშის წაგების შემდეგ უჩვეულოდ მაღალი შეფასებაა.
ქართველი ფეხბურთელის გუნდში კიტეიშვილის შემდეგ საუკეთესო შეფასება მეკარე მეკარე იორგ სიებენჰარდს დაუწერეს – 6,9 ქულა, რადგან ბევრი რთული შეტევა მოიგერია და გუნდი უფრო დიდ სირცხვილს გადაარჩინა.
გრაცის „შტურმის“ მოედნის მოთამაშეებს „სოპასქორმა“ გაცილებით დაბალი შეფასებები დაუწერა – 5,5 ქულა, 5,9, საუკეთესოს კი – 6,5 ქულა.