კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება - ავსტრიაში საკარანტინო ზომები შეამსუბუქეს
ავსტრიის მთავრობამ კლუბებს უფლება მისცა, დაიწყონ ვარჯიში და სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყონ – ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო „ფრანს პრესი” ავრცელებს.
„ავსტრიის მთავრობამ ქვეყნის საფეხბურთო კლუბებს საშუალება მისცა 20 აპრილიდან ვარჯიშები დაიწყონ. ხელისუფლებამ გუნდებს უფლებას აძლევს დაუბრუნდნენ მოედნებს, რათა ფეხბურთელები ქვეყნის ჩემპიონატის განახლებისთვის მოემზადონ, თამაშების დაბრუნების თარიღი ჯერ განსაზღვრული არაა,“ – წერს სააგენტო.
ამავე დროს, „ფრანს პრესის“ ცნობით, ფეხბურთელთა შესამოწმებლად საგანგებო დებულება შემუშავდა – „ფეხბურთელებს კორონავირუსზე შემოწმება მატჩების დაწყებამდე მინიმუმ ორი დღით ადრე მოუწევთ, ამავე დროს, თამაშები მაყურებლის გარეშე გაიმართება“.
ავსტრია ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული საკარანტინო ზომები შეამსუბუქა.
ამჟამად, ავსტრიის ბუნდესლიგაში ერთი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმის” ერთ-ერთი ლიდერია.