კიტეიშვილი მოედანს დაუბრუნდა – „შტურმმა“ ვენაში „აუსტრია“ დაამარცხა #1TVSPORT

21:41, 02.10.2022

ოთარ კიტეიშვილი მოედანს დაუბრუნდა და ტურიდან ტურამდე მეტ წუთს თამაშობს. ამჯერადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გრაცის „შტურმში“ შეცვლაზე ითამაშა ვენის „აუსტრიათან“ მატჩი, რომელიც ქართველის გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში „შტურმი“ „აუსტრიას“ ვენაში ესტუმრა და მე-14 წუთზე ალბიან აიეტის გოლით დაწინაურდა. 58-ე წუთზე ვილიამ ბოვინგმა გრაცელების უპირატესობა გაზარდა, საბოლოო ანგარიში კი 90+2-ე წუთზე მუჰამედ ფუსეინიმ მასპინძლებს მესამეც გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:0 „შტურმის“ სასარგებლოდ.

ოთარ კიტეიშვილი მოედანზე ამის შემდეგ, 69-ე წუთზე გამოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ დამატებული დროის ჩათვლით მხოლოდ 25 წუთი ითამაშა, ოთხი სახიფათო მომენტი შექმნა. 81-ე წუთზე მცველმა მოიგერია ოთარ კიტეიშვილის დარტყმა. თანაგუნდელის გადაცემის მიღებისთანავე, 25 წლის ნახევარმცველმა არ დააყოვნა და საჯარიმო მოედნის გარედან დაარტყა.

2 წუთში მოედნის კიდიდან ბურთი საჯარიმოში გააგზავნა, მაგრამ მისი გადაცემა დაბლოკეს. 89-ზე კიტეიშვილმა კიდევ ერთი საგოლე შანსი შექმნა, ბურთი საჯარიმოში ჩააგდო, მაგრამ კრისტიან ფრუხტლმა კარგად მოახდინა რეაქცია და შეტევა ჩაშალა. ქართველ ნახევარმცველს 90+1-ე წუთზე გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, როდესაც მანპრიტ სარკარიას პასის შემდეგ დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა.

გრაცი „შტურმი“ 10 ტურის შემდეგ 21 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერს, „ზალცბურგს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

მსგავსი