კიტეიშვილი მატჩის გმირია - „ზალცბურგმა“ წააგო და ქართველის „შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონობას მიუახლოვდა #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში „ზალცბურგი“ ვენაში „რაპიდთან“ 0:2 დამარცხდა და ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმს“ ოთხი ქულით ჩამორჩა. სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ფეხბურთელს გუნდს დარჩენილ ორ მატჩში ჩემპიონობის გასაფორმებლად ერთის მოგებაც ეყოფა.
ამასობაში, ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმისა“ და „ჰარტბერგის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. მან 7.7 ქულა დაიმსახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია ორივე გუნდში.
კიტეიშვილმა „ჰარტბერგის“ კარში გოლის გატანა მეორე ტაიმში, 58-ე წუთზე მოახერხა, როცა მისი გუნდი მოედანზე 10 ფეხბურთელით იყო დარჩენილი.
Kicker-ი (ავსტრიული ვერსია):
„გრაცის „შტურმი“ დიდი ხნის განმავლობაში ათი კაცით იყო და აგებდა. კიტეიშვილის შესანიშნავი ქმედება გოლით დასრულდა. ეს გოლი კი 14 817-მა გულშემატკივარმა ისე იზეიმა, როგორც გამარჯვება. ქართველის ბრწყინვალე ასპარეზობამ სხვა მოთამაშეებიც გამოაცოცხლა და „შტურმი“ ბოლო წუთებზე მოგებისთვის იბრძოდა“.
laola1:
„საჩემპიონო იმედი „შტურმისთვის“ ოთარ კიტეიშვილმა დიდი მონდომებითა და ინდივიდუალური ძალისხმევით გადაარჩინა. მან რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა.
ავსტრიის ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტური რჩება. „შტურმი“ ჯერ სტუმრად ლასკ-ს დაუპირისპირდება, ხოლო შემდეგ „კლაგენფურტს“ უმასპინძლებს“.