კიტეიშვილი გერმანულმა სააგენტომ დააფასა - „შტურმის“ ლიდერი ყველაზე ძვირადღირებულ ქართველებშია
ოთარ კიტეიშვილი ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეულში დაწინაურდა. საქართველოს ნაკრებისა და გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი 2 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
ქართველმა ავსტრიის ბუნდესლიგის საშემოდგომო ეტაპზე მშვენიერი თამაში აჩვენა, ლიგის საუკეთესო ნახევარმცველების ნომინაციაში მოხვდა და „შტურმის“ საუკეთესო მოთამაშეთა სამეულშიცაა. ქართველის პროგრესი გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტო „ტრანსფერმარკტმაც“ დააფასა და მისი ტრანსფერის ღირებულება უფრო ძვირად შეაფასა.
სეზონის დასაწყისში კიტეიშვილის ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 1,5 მილიონი ევრო ეწერა, ახლა კი მის გრაფაში ციფრი ნახევარი მილიონით გაიზარდა.
ყველაზე ძვირადღირებულ მოთამაშეთა სიას კვლავ საბა კვირკველია (10,0 მლნ) ლიდერობს, მეორე ადგილზე გიორგი ჩაკვეტაძეა (9,0 მლნ), ხოლო მესამეზე – დათა ხოჭოლავა (5,0 მლნ).