კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში, დაძაბულობა რომში - „შტურმმა“ „ლაციოს“ ქულა ბრძოლაში წაართვა [ვიდეო] #1TVSPORT
ხანგრძლივი ტრავმების შემდეგ ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და ევროპალიგაზე რომში „ლაციოს“ წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი ემოციებით სავსე გამოდგა და 2:2 დასრულდა.
კიტეიშვილმა 58 წუთი ითამაშა და პირველ ტაიმში რამდენიმე ეპიზოდში გამოიჩინა თავი. იგი მე-11 წუთზე საჯარიმოში სამ მცველს შორის გაძვრა, რის შემდეგაც „ლაციოს“ კართან ხიფათი შეიქმნა, თუმცა შეტევა გოლით ვერ დასრულდა.
26-ე წუთზე ქართველმა ნახევარმცველმა ისევ შეუტია და მანუელ ლაზარიმ საჯარიმოსთან ხელი ჰკრა და წინსვლის საშუალება არ მისცა. კიტეიშვილი წაიქცა, რაზეც იტალიელი უსაფუძვლოდ სიმულაციაში ადანაშაულებდა. უკან არც კიტეიშვილმა დაიხია და საბოლოოდ, არბიტრმა ორივეს ყვითელი ბარათი აჩვენა.
„ლაციო“ უტევდა, მომენტები შემქნა, მაგრამ გოლი მხოლოდ ტაიმის ბოლოს გაიტანა. ავსტრიული გუნდის კარში დანიშნული პენალტი ჩირო იმობილემ ზუსტად შეასრულა. შესვენებამდე ემოციებმა ისევ იფეთქა, ისევ ლაზარიმ იაქტიურა და არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათით მოედნიდან გააძევა.
მეორე ტაიმში გრაცის „შტურმმა“ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. 56-ე წუთზე, მოედანზე ახლადშესულმა უილიამ ბოვინგმა სტუმართა კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით დაასრულა – 1:1. 71-ე წუთზე პედრომ იტალიელები მეორედ დააწინაურა. მაგრამ 83-ე წუთზე ბოვინგმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:2.
4 ტურის შემდეგ F ჯგუფში უნიკალური ვითარებაა. „შტურმმა“ 5 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „ფეიენოორდმა“, „მიდტიულანდმა“ და „ლაციომ“ – პლეი ოფში გასვლის შანსი ყველა გუნდს აქვს. გრაცელები შემდეგ შეხვედრას 27 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე ნიდერლანდურ „ფეიენოორდთან“ გამართავენ.
ბუდაპეშტში „ფერენცვაროშმა“ ბელგარდის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მასპინძელთა განაცხადში არ იყო გიორგი ხარაიშვილი, სტუმართა შორის კი – ირაკლი აზაროვი.