კიტეიშვილი ბოლო ტურს გამოტოვებს - „კიკერის“ შეფასებით, ეს „შტურმისთვის“ ცუდი სიგნალია #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო შეხვედრაში ლასკ-თან დუბლი შეასრულა, მაგრამ ყვითელი ბარათი მიიღო და გადამწყვეტ ტურში „კლაგენფურტთან“ ვერ ითამაშებს. გამოცემა „კიკერის“ ავსტრიული ვერსიის შეფასებით, ავსტრიის ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდისთვის ეს ცუდი სიგნალია.
რატომ არის კიტეიშვილის დისკვალიფიკაცია „შტურმისთვის“ ცუდი ნიშანი
„მიმდინარე სეზონში გრაცის „შტურმმა“ ბუნდესლიგაში სამი მატჩი წააგო. არცერთ მათგანში ოთარ კიტეიშვილი არ მონაწილეობდა. გარდა ამისა, ქართველის გუნდმა ავსტრიის თასის ფინალი კლაგენფურტში ისევ მოიგო.
„ლასკთან“ მატჩში ოთარ კიტეიშვილმა („კიკერის“ შეფასება – 1.5) კიდევ ერთხელ აჩვენა, რატომ არის „შტურმისთვის“ ასეთი ღირებული ფიგურა. ბუნდესლიგის სეზონის მერვე და მეცხრე გოლებით ქართველმა პლეიმეიკერმა კვირას თითქმის მარტო სცადა, შტირიელებისთვის ტიტული მოეპოვებინა, მაგრამ მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს და „შტურმს“ ლოდინი კიდევ ერთი კვირა მოუწევს. გუნდს ბოლო ტურის წინ „ზალცბურგთან“ ორქულიანი უპირატესობა აქვს.
მომავალ კვირას „შტურმი“ საშინაო მატჩში „კლაგენფურტს“ დაუპირისპირდება. ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში მყოფი კიტეიშვილი დააკლდება გუნდს, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის. 28 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ლასკ-თან მატჩში მიმდინარე სეზონში მეცხრე ყვითელი ბარათი მიიღო. ამიტომ „კლაგენფურტთან“ მატჩს გამოტოვებს.
„ცხადია, მტკივნეულია, როცა ოთარი არ თამაშობს“, – თქვა მცველმა გრეგორი უტრიხმა. – „მაგრამ ჩვენ კარგი გუნდი ვართ და ვიმედოვნებთ, რომ კიტეიშვილის ჩანაცვლებას შევძლებთ. ამიტომ წარმატებას კოლექტიურად უნდა მივაღწიოთ. არსებობს გეგმა, თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს“, – ხაზგასმით აღნიშნა მთავარმა მწვრთნელმა, კრისტიან ილსერმა.
კიტეიშვილის გარეშე გრაცის „შტურმს“ ყველაზე მეტად უჭირს. ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს: ქართველმა ბუნდესლიგაში მიმდინარე სეზონში გამოტოვა სამივე მატჩი, რომელშიც გრაცელები დამარცხდნენ“, – წერია „კიკერის“ სტატიაში.