კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – რჩეულები ანალიტიკურმა პორტალმა sofascore-მა დაასახელა.
ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და დუბლი შეასრულა. ქართველი ნახევარმცველის კარგი თამაშის წყალობით, გრაცის „შტურმმა“ ლასკ-თან გასვლით შეხვედრაში ქულა მოიპოვა – 2:2.
Sofascore-მა „შტურმის“ ლიდერს 8.8 ქულა დაუწერა, რაც საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა და კიტეიშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ამავე დროს, კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რომელიც იმავე ანალიტიკურმა საფეხბურთო პორტალმა და პოპულარული გამოცემა kicker-ის ავსტრიულმა ვერსიამ დაასახელეს.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ბოლო ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა, სულ 28 შეხვედრაში 9 გოლი დაუგროვდა (პლუს 5 საგოლე გადაცემა) და გრაცის „შტურმის“ საუკეთესო ბომბარდირია.