კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს - ქართველი ნახევარმცველი ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა ოთხეულშია [ვიდეო] #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის მეექვსე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა – გრაცის „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველი რჩეულთა შორის ანალიტიკურმა ვებგვერდმა sofascore-მა დაასახელა.
ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ სტუმრად „ალტახთან“ (2:1) ქართველის შესანიშნავი თამაშით მოიგო. კიტეიშვილმა 63-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მართალია, „ალტახმა“ წონასწორობა აღადგინა (78-ე წუთზე), მაგრამ გრაცელმა მუჰამედ ფუსეინმა არბიტრის მიერ დამატებულ დროში გადამწყვეტი გოლი ოთარის გადაცემით გაიტანა.
კიტეიშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულში მოხვდა. ანალიტიკურმა პორტალმა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს 8,3 ქულა დაუწერა – მასზე უკეთესი შეფასება მხოლოდ სამმა მოთამაშემ მიიღო.
მიმდინარე სეზონში კიტეიშვილმა პირველად გაიტანა და საგოლე გადაცემაც ანგარიშზე პირველად ჩაიწერა.
ექვსი ტურის შემდეგ გრაცის „შტურმს“ 16 ქულა აქვს და მხოლოდ „ზალცბურგს“ (18) ჩამორჩება, რომელიც ავსტრიის ბუნდესლიგას უდანაკარგოდ ლიდერობს.