კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს #1TVSPORT
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშეა – გრაცის „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველი გამოკითხვის გამარჯვებული გახდა.
გამოკითხვაში მონაწილეობდნენ ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბების პრეზიდენტები, მწვრთნელები და მენეჯერები. მათ საუკეთესოები ხუთ ნომინაციაში გამოავლინეს. კიტეიშვილის გარდა, სეზონის საუკეთესო მწვრთნელად „შტურმის“ მთავარი მწვრთნელი, კრისტიან ილცერი აღიარეს.
„ეს ჯილდო დიდი პატივია და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არის პირადად ჩემი და, უპირველესად, მთელი გუნდის შრომის აღიარება. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება მშვენიერია, მაგრამ ჩვენ, როგორც გუნდს, ჯერ ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი გვაქვს მისაღწევი – ბუნდესლიგის ბოლო ტურში „კლაგენფურტთან“ გადამწყვეტი თამაში უნდა მოვიგოთ, რათა ჩემპიონები გავხდეთ. იმედია, ამ მატჩის შემდეგ ყველა ერთად ვიზეიმებთ“, – განაცხადა ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც გამოკითხვაში თანაგუნდელ ალექსანდერ პრასს გადაასწრო.