„კიოლნი“ თხის გარეშე, „გლადბახი“ მუყაოს გულშემატკივრებით - ყველაფერი ბუნდესლიგის შესახებ
„კიოლნი“ თხის გარეშე, „გლადბახი“ მუყაოს გულშემატკივრებით - ყველაფერი ბუნდესლიგის შესახებ

შაბათს, 16 მაისს, ევროპის „ტოპ 5“ ჩემპიონატიდან ერთ-ერთი განახლდება. გარდა იმისა, რომ ხალხს მაღალი დონის ფეხბურთი მოენატრა, საინტერესოა, როგორი იქნება მატჩები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ.

მაშ ასე, გერმანიის 2019-20 წლების სეზონის თავისებურებები:

კალენდარი

ბუნდესლიგაში ბოლო მატჩი 11 მარტს გაიმართა, რის შემდეგაც, ორთვიანი შესვენებაზე დაიწყო. ახლა, ტურნირი 27 ივნისს დასრულდება. გერმანიის თასის ფინალის ჩატარება 4 ივლისს იგეგმება.

ხუთი შეცვლა

კლუბებმა შეათანხმეს შეცვლების რაოდენობის გაზრდა: შესაძლებელია ხუთი ფეხბურთელის გამოცვლა, ოღონდ გარკვეული წესის მიხედვით. თამაშის მსვლელობისას, სამჯერ შეიძლება შეცვლის განხორციელება და კიდევ, ეს შესაძლებელი იქნება შესვენებაზე. მაგალითად, შეიძლება ერთი ფეხბურთელი შეცვალო შესვენებაზე, მეორე ტაიმში კი სამჯერ განახორციელო შეცვლა და ოთხი ფეხბურთელი გამოცვალო, ანუ, მწვრთნელს ერთხელ მოუწევს ორმაგი ცვლილების განხორციელება: 1+2+1, 2+1+1, 1+1+2, მაგრამ არა 1+1+1+1.

ტესტები

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა და გერმანიის საფეხბურთო ლიგამ შეიმუშავეს სპეციალური ოქმი, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელები, მწვრთნელები, კლუბების მომსახურე პერსონალი, მსაჯები, ჟურნალისტები და ტელეკომპანიების თანამშრომლები იცხოვრებენ. მათ ჯამში 22 ათასი ტესტის გავლა მოუწევთ. გუნდებმა უკვე გაიარეს ტესტირება ვარჯიშების განახლების წინ და იგივე პროცედურა ჩაუტარდათ შაბათ-კვირის მატჩების წინაც. ტესტირება 11-13 მაისს მსაჯებსაც ჩაუტარდათ.

ჩემპიონატი გაგრძელდება

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ტურნირის განახლების შემდეგ, რომელიმე მოთამაშეს აღმოაჩნდება ვირუსი? ჩემპიონატს არ გააუქმებენ და ის გაგრძელდება. დაინფიცირებულ ფეხბურთელს იზოლაციაში გაუშვებენ. სხვებს კი შეამოწმებენ.

თუმცა, არსებობს დადგენილი წესიდან გამონაკლისი. მორიგი ტესტირების შემდეგ, დრეზდენის „დინამოში“ დაინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებულებს ავადმყოფობის არანაირი სიმპტომი არ ჰქონიათ. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მთელ გუნდს, რომელიც მეორე ბუნდესლიგის ბოლო ადგილზეა, 14-დღიანი კარანტინში წასვლა მოუწია. „დინამო“ ვერ შეძლებს 17 მაისს, „ჰანოვერთან“ თამაშს.

პირველ ბუნდესლიგაში, ჯერჯერობით, წესს იცავენ. ორი დღის წინ, ცნობილი გახდა „ვერდერის“ ერთი ფეხბურთელის დადებითი ტესტის შესახებ. ის იზოლაციაში მოათავსეს, გუნდმა კი „ლევერკუზენთან“ მატჩისთვის მზადება გააგრძელა.

 

 

ნიღბები

მეოთხე მსაჯმა (სარეზერვო) მთელი მატჩი ნიღებით უნდა იმუშაოს. მან ის ჯერ კიდევ გვირაბში უნდა გაიკეთოს, როცა მოთამაშეთა ეკიპირების შემოწმებას დაიწყებს.

მთელი მატჩი ნიღბებში უნდა ატარონ ექიმებმა და მასაჟისტებმა, აგრეთვე ყველამ, ვინც ტექნიკურ ზონაში იმყოფება – მწვრთნელებმა და სათადარიგოებმა.

როგორც ჩანს, ნიღბებში მოუწევთ ყოფნა ვიდეორეფერის ოთახში მომუშავეებსაც. ნიღბებში იქნებიან ფეხბურთელები და მწვრთნელები ავტობუსებსა თუ ავტომობილებიში, როცა ისინი სტადიონისკენ დაიძვრებიან.

პერსონალური ბოთლები

თითოეული ფეხბურთელისთვის და მწვრთნელისთვის გამოყოფილი იქნება წყლის პერსონალური ბოთლი. სხვისი ბოთლის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. ამას თვალს მიადევნებენ ექიმები და სპეციალურად დანიშნული ოფიცრები, რომლებიც ჰიგიენაზე პასუხს აგებენ.

გარდა ამისა, შემოიღეს გასახდელში, საშხაპესა და სატრენაჟორო დარბაზში ქცევის განსაკუთრებული წესები. ტრენაჟორებით ვარჯიში მხოლოდ ხელთათმანით შეიძლება.

მაყურებელი

სეზონის ყველა დარჩენილი შეხვედრა მაყურებლების გარეშე ჩაივლის. მათ, აგრეთვე, აუკრძალავენ სტადიონთან შეკრებას – შეეცდებიან თავიდან აიცილონ ადამიანების მასობრივი თავშეყრა.

იმისთვის, რომ შექმნას გულშემატკივრების დასწრების შეგრძნება, „გლადბახმა“ მოაწყო აქცია და ერთ-ერთი ვარჯიშისას, ტრიბუნებზე თავისი ფანების მუყაოს ასლები განათავსა. საერთო ჯამში, შეუკვეთეს მინიმუმ 20 ათასი ასლი. თითო 19 ევრო დაჯდა და თანხა გულშემატკივრებმა გადაიხადეს.

სტადიონები და ზონები

თითოეული სტადიონი სამ ზონად დაიყოფა – შიდა ზონა, ტრიბუნები და გარე ზონა. თითოეულისთვის ცალ-ცალკე საშვი იარსებებს. შესვლა შეზღუდული იქნება. საერთო ჯამში, სტადიონზე 300-მდე ადამიანი შეაღწევს – კლუბების დელეგაციები, აგრეთვე თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობენ მატჩების ორგანიზებასა და ჩატარებაში.

მაგალითად, შიდა ზონაში (მინდორი, მინდვრის პერიმეტრი, ტექნიკური ზონები, გვირაბი, გასახდელები) მოხვდება მხოლოდ 100 ადამიანი – მოთამაშეები, სათადარიგოები, მწვრთნელები, მსაჯები, ბურთის მიმწოდებლები, ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენლები, ფოტოგრაფები, ექიმები, მცველები, ტელეკომპანიის წარმომადგენლები, პერსონალი, რომელიც გაზონზეა პასუხისმგებელი.

ბოლბოები“ და „მასკოტები

გუნდების ტრადიციული თილისმები თამაშებზე არ იქნება. „კიოლნს“ ფონს გასვლა თხის გარეშე მოუწევს.

მკაცრად იქნება შეზღუდული „ბოლბოების“ რიცხვი და ასაკი – 16 წელი და ზემოთ.

26-ე ტურის განრიგი

16 მაისი. შაბათი

17:30 აუგსბურგი-ვოლფსბურგი

17:30 დორტმუნდი-შალკე

17:30 ფორტუნა-პადერბორნი

17:30 ჰოფენჰაიმი-ჰერტა

17:30 ლაიპციგი-ფრაიბურგი

20:30 აინტრახტი-გლადბახი

17 მაისი. კვირა

17:30 კიოლნი-მაინცი

20:00 უნიონი-ბაიერნი

18 მაისი. ორშაბათი

22:30 ვერდერი-ლევერკუზენი