„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდს, კილიან მბაპეს ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება გასულ უქმეებზე „ნიმთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო.
საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში 19 წლის თავდამსხმელი კარიერაში პირველად გააძევეს, რადგან უხეშად უბიძგა ხელი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ტეჟი სავანიეს.
მატჩის შემდეგ კომენტარში მბაპემ განაცხადა: „გაღიზიანებული ვიყავი მეტოქის მოქმედებით. ეს ფეხბურთია და უნდა ვისწავლო ემოციების შეკავება. როცა „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობ, ეს ყოველ ჯერზე ხდება. თუ ამგვარი რამ წყობიდან გამომიყვანს, კიდევ ბევრ გაძევებას მივიღებ. მაგრამ არ ვნანობ, რომ ასე მოვიქეცი. მას ბურთზე არც უთამაშია“.
მბაპეს ინციდენტს საფრანგეთის საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს სხდომაზე განიხილავს.