„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „რეალთან“ პირველი დაპირისპირების გმირი გახდა. 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზეა გამარჯვების გოლი და უამრავი მომენტი. თამაშის შემდეგ, მბაპეს მომავალი კარიერის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან პარიზულ კლუბთან მისი კონტრაქტის ამოწურვამდე ხუთ თვეზე ნაკლები დარჩა.
ცნობილი გახდა ერთ-ერთი პირობა, რომლის მიხედვითაც მბაპემ შეიძლება ხელშეკრულება გაახანგრძლივოს „პარი სენ-ჟერმენთან“.
გაზეთ L’Équipe-ის ინფორმაციით, ფორვარს სურს, რომ ფრანგული კლუბის ახალი პროექტი მის გარშემო აიგოს, გასული წლის ზაფხულში მბაპემ იგრძნო, რომ ის მხოლოდ ინსტრუმენტი იყო „პარი სენ-ჟერმენის“ იმ კამპანიაში, რომელიც ვარსკვლავური მოთამაშეების მოზიდვას ემსახურებოდა.
გარდა ამისა, კილიანის გარემოცვაში ეჭვი შეიტანეს ახალგაზრდებთან მიმართებაში კლუბის პოლიტიკაზე, რადგან „რეალიდან“ 35 წლის სერხიო რამოსის ტრანსფერი განხორციელდა. მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას მბაპეს რჩევების გათვალისწინება შეიძლება მისი გუნდში დატოვების ერთ-ერთი ხერხი გახდეს.
ასევე მბაპესა და ფრანგულენოან სხვა მოთამაშეებს არ მოეწონათ ის პრივილიგიები, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში სამხრეთამერიკელ ფეხბურთელებს მისცეს: მაგალითად, დაგვიანება ვარჯიშებზე ან შეუსაბამო საქციელი. შედეგად, მბაპეს ეჭვი შეეპარა იმაში, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ შეუძლია კლუბში უმაღლესი დონის სტანდარტების დაწესება.
კიდევ ერთი პოტენციური არგუმენტი შეიძლება გახდეს მბაპეს დანიშვნა შტატიან პენალტისტად.
ამასთან, ესპანური მედია იტყობინება, რომ კილიანის დედამ ფაიზა ლამარიმ უკვე დაიწყო სახლის ძებნა მადრიდში. ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito TV-ის ინფორმაციით, გასულ კვირას ის ინტერესდებოდა საცხოვრებელი ფართის იჯარით ან შეძენით მადრიდის ერთ-ერთ პრესტიჟულ რაიონში – ლა მორალეხაში.