კილიან მბაპემ იანვარში პსჟ-დან შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ „მარსელთან“ მე-11 ტურის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა ჭორებზე, თითქოს იანვარში პარიზული კლუბის დატოვება სურს.
„მე ბედნიერი ვარ „პარი სენ-ჟერმენში“ და არც მიფიქრია იანვარში წასვლა. არანაირი კავშირი არ მაქვს იმ ინფორმაციასთან, რომელიც ამ დღეებში გავრცელდა. შოკირებული ვიყავი. ყოველთვის მოინახებიან ადამიანები, რომლებიც რაღაცაში მადანაშაულებენ, მაგრამ რაც შეეხება ამ თემას, მე მასში გარეული არ ვარ. იმ დროს, როცა ის გავრცელდა, მე უკვე მეძინა, ჩემი უახლოესი გარემოცვა კი ჩემი უმცროსი ძმის მატჩზე იყო. იმ ჭორებმა, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა, შოკში ჩაგვაგდო. მაგრამ წინ ორი მატჩი იყო, ამიტომაც მხოლოდ ახლა ვიპოვნე დრო იმის სათქმელად, რომ ეს აბსოლუტურად ცრუ ინფორმაციაა. მე ყველაფრით კმაყოფილი ვარ“, – მოჰყავს მბაპეს სიტყვები გაზეთ Le Figaro-ს.
ამ სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.