„პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციასთან (BBC) ინტერვიუში განაცხადა, რომ წელს საფრანგეთის ჩემპიონობის გარდა კიდევ სამი ტურნირის მოგება სურს – ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ჩემპიონატისა და ოლიმპიური თამაშების.
„ამ სამი დიდი ტურნირის მოგება მართლაც შესანიშნავი მიღწევა იქნებოდა. საკმაოდ რთულად შესასრულებელი ამოცანაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ოცნება ავისრულო. ძალიან კარგი იქნება, თუ „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად პირველად მოვიგებ ჩემპიონთა ლიგას და საფრანგეთის ნაკრებსაც დავეხმარები, რომ მოგებების სერია გააგრძელოს“, – ამბობს მბაპე.
ამავე ინტერვიუში მას თავის მომავალზე და, რა თქმა უნდა, „რეალ მადრიდში“ შესაძლო გადასვლაზეც ჰკითხეს, რაზეც ფეხბურთელმა უპასუხა, რომ ამაზე არ ფიქრობს და მთლიანად პარიზულ გუნდზეა კონცენტრირებული.
„ახალგაზრდა რომ ვიყავი, ამაზე უფრო ხშირად ვლაპარაკობდი, ახლა კი ვთვლი, რომ ამ თემაზე საუბარი არც ჩემთვისაა კარგი და არც ჩემი გუნდისთის“, – ამბობს მბაპე.
საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში „პარი სენ-ჟერმენი“ სატურნირო ცხრილს 49 ქულით უდგას სათავეში და რვა ქულით უსწრებს მეორეადგილოსან „მარსელს“.