საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე ცნობილი ჟურნალის, „თაიმის“ (Time) გარეკანზე მოხვდა. ფეხბურთელმა ვრცელი ინტერვიუც მისცა, რომელშიც თავის ბავშვობაზე ილაპარაკა და მთავარი ცხოვრებისეული ღირებულებებიც ჩამოთვალა.
„ჩემი ცხოვრება აბსოლუტურად თავდაყირა დადგა. შესაძლოა, ბავშვობაში რაღაც გამომრჩა. ადრეულ ასაკში, ცხოვრებისეულ სიამოვნებებს მთლიანად ვიყავი მოკლებული – არ შემეძლო უბრალოდ მეგობრებთან ერთად გასეირნება ან დროის მხიარულად გატარება. მივხვდი, რომ ყველაზე დიდი ვარსკვლავები და დიადი მოთამაშეები – მოკრძალებული ადამიანები არიან. ისინი პატივს სცემენ უბრალო ხალხს და შესაბამისად, ხალხიც იგივეთი პასუხობს მათ. მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში სამი მთავარი ღირებულება არსებობს – პატივისცემა, მოკრძალება და გახსნილობა. დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ დიდი ფეხბურთელი უნდა გამოვსულიყავი, რათა კარგი ადამიანი გავმხდარიყავი“, – ამბობს მბაპე.
ფორვარდმა ინტერვიუში ისიც ახსნა, თუ რატომ შესწირა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამომუშავებული ჰონორარი ავადმყოფ ბავშვებს.
„ეს არ შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას, მაგრამ შეცვლის მათ ცხოვრებას“, – თქვა 19 წლის ფრანგმა. მან ბავშვებს 500 ათასი დოლარი გადაურიცხა.