კილიან მბაპე - პარი-სენ-ჟერმენში ვრჩები
კილიან მბაპე - პარი-სენ-ჟერმენში ვრჩები

ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარებული ფრანგი ფეხბურთელი კილიან მბაპე აცხადებს, რომ „პარი-სენ-ჟერმენიდან“ წასვლას ჯერჯერობით არსად აპირებს. ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, მას ესპანელი ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და ჰკითხეს, თუ განიხილავდა „რეალ მადრიდში“ გადასვლის შესაძლებლობას.

„პარიზში ძალიან ბედნიერი ვარ. ჯერ კარიერის დასაწყისში ვიმყოფები და ჩემს გზას აუჩქარებლად მივყვები. ამ ეტაპზე სხვა გუნდში გადასვლის შესაძლებლობას არ განვიხილავ“, – განაცხადა მბაპემ.

15 ივლისს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია 4-2 დაამარცხა და ჩემპიონობა მოიპოვა, კილიან მბაპე კი ისტორიაში მეორე თინეიჯერი გახდა, ლეგენდარული პელეს შემდეგ, რომელმაც ფინალში გოლის გატანა მოახერხა.