კილიან მბაპე - ნეიმარი პსჟ-ს პროექტის ცენტრია და აქ იმისთვის ვარ, რომ მას დავეხმარო
კილიან მბაპე - ნეიმარი პსჟ-ს პროექტის ცენტრია და აქ იმისთვის ვარ, რომ მას დავეხმარო

კილიან მბაპემ „ფრანს ფუტბოლთან“ ინტერვიუში ნეიმარის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი პარიზული კლუბის პროექტის ცენტრს წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ორივე ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენს“ 2017 წელს შეუერთდა.

„ყოველთვის ვიცოდი, რომ დიდებულმა ფეხბურთელებმა ერთად უნდა ითამაშონ, ისევე როგორც ჩვენ შემთხვევაში. ჩვენი როლები მაშინ ჩამოყალიბდა, როცა პარიზში ჩამოვედი. ნეიმარი ამ პროექტის ცენტრია და აქ იმისთვის ვარ, რომ მას დავეხმარო. რადგან მე როცა აქ მოვედი ამომავალი ვარსკვლავი ვიყავი და მოედანზე განვითარება მჭირდებოდა“, – ისაუბრა მბაპემ „ფრანს ფუტბოლთან“.

22 წლის თავდამსხმელმა ნეიმარის დადებით თვისებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრაზილიელი მას განვითარებაში დაეხმარა:

„ნეიმარმა ყველაფერი იცის, ის საუკეთესოა მსოფლიოში. როცა ის პარიზში ჩამოვიდა, ჩვენ დავინახეთ მისი შესაძლებლობები. ის არ არის ფეხბურთელი, რომელიც 5:0-ზე უბრალოდ შოუს აწყობს და ცეკვავს ბურთის გარშემო. მან იცის როგორ აჩვენოს სანახაობრივი თამაში 0:0-ზეც. სიმართლე გითხრათ მე არასოდეს დამავიწყდება, როგორ დამეხმარა ის თავიდან.“

ცოტა ხნის წინ, ნეიმარმა განაცხადა, რომ პსჟ-ში დარჩენა სურს და იმედი აქვს, რომ მბაპეც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება კილიანს, ფრანგ ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი ჯერ არ გაუხანგრძლივებია, მაგრამ აღნიშნა, რომ თუ პარიზში დარჩება, ეს დიდი ხნით მოხდება.