კილიან მბაპე მადრიდის „რეალს“ ტრავმის გამო სამი კვირით გამოაკლდა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის ფრანგ თავდამსხმელს, კილიან მბაპეს მარჯვენა ფეხის კუნთის ტრავმა აქვს და მოედანზე გასვლას, დაახლოებით, სამი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.
მბაპემ დაზიანება ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრაში „ალავესის“ წინააღმდეგ მე-80 წუთზე მიიღო და მოედანი დატოვა. მატჩი „რეალმა“ 3:2 მოიგო.
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი მბაპე „რეალს“ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მას ხუთი გოლი დაუგროვდა.
25 წლის ფეხბურთელი „სამეფო კლუბს“ „ატლეტიკოსთან“, „ლილთან“ და „ვილიარეალთან“ ვერ დაეხმარება. ის, სავარაუდოდ, „ბარსელონასთან“ შეხვედრისთვის დაბრუნდება.