იტალიელი სპორტული ჟურნალისტისა და სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კილიან მბაპე კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.
მხარეებმა უკვე ყველა დეტალი შეათანხმეს და ფეხბურთელი კონტრაქტს ხელს მიმდინარე კვირის განმავლობაში მოაწერს. საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხება.
როგორც რომანო წერს, კილიან მბაპემ პსჟ-ის დატოვების გადაწყვეტილება თებერვალში მიიღო და კლუბის მიერ შეთავაზებულ ახალ ხელშეკრულებაზე უარი თქვა.
25 წლის მბაპემ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ჩატარებულ 308 მატჩში 256 გოლი გაიტანა და გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მას საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მაისურით 77 შეხვედრაში 46 გოლი დაუგროვდა.