მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კილიან მბაპე ეჭვმიტანილად გადის გაუპატიურებისა და სექსუალური შევიწროების საქმეში. ინციდენტი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მოხდა. ამის შესახებ იტყობინება ადგილობრივი გამოცემები – Aftonbladet და Expressen.
ორშაბათს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტოკჰოლმის პოლიცია იძიებს საქმეს სასტუმროში გაუპატიურებაზე, სადაც გასულ კვირას გაჩერდა მბაპე, მისი რამდენიმე ნათესავი და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ნორდი მუკიელე. პოლიციაში განცხადება ქალმა შეიტანა 12 ოქტომბერს – სავარაუდო დანაშაულიდან ორი დღის შემდეგ. ამასთან, პრესაში არ სახელდებოდა ეჭვმიტანილთა პიროვნებები.
მოგვიანებით, პრესაში დააზუსტეს, რომ მბაპე „დასაბუთებული ეჭვმიტანილია“. სამართალდამცავები სასტუმროში იმყოფებოდნენ მოწმეთა ჩვენებებისა და სამხილების შესაგროვებლად. შვედეთის კანონმდებლობის თანახმად, მბაპესთვის მინიჭებული სტატუსი შეესაბამება ეჭვმიტანილობის ყველაზე დაბალ დონეს.