კილიან მბაპე 100 მილიონ ევროს მიიღებს, თუ პსჟ-ში დარჩენას დათანხმდება #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“ აპირებს, შეინარჩუნოს ფორვარდი კილიან მბაპე, რომლითაც მადრიდის „რეალი“ ინტერესდება. 24 წლის ფრანგი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტში გათვალისწინებულია ლოიალურობის სოლიდური ბონუსი, – წერს გაზეთი „ეკიპი“.
პარიზელებმა მბაპეს კონტრაქტში შეიტანეს ბევრი დამატებითი პუნქტი. მაგალითად, ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემთხვევაში, ფორვარდის კონტრაქტი პსჟ-სთან ავტომატურად გაგრძელდებოდა. ევროთასებზე პარიზული კლუბი ჩავარდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებულია დამატებითი პირობა – თუ მბაპე დარჩება „პარი სენ-ჟერმენში“ ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის მიუხედავად, მიიღებს ლოიალურობის ბონუსს 100 მილიონი ევროს ოდენობით.
მბაპე „პარი სენ-ჟერმენში“ 2018 წლიდან თამაშობს, მისი კონტრაქტი პარიზულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ფორვარდის სატრანსფერო ღირებულობა 180 მილიონ ევროს შეადგენს.