კიკე სეტიენი - მესის გუნდში ყოლა იგივეა, რაც ჭადრაკში ორი დედოფლით თამაში
„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი მაღალ შეფასებას აძლევს კატალონიური გუნდის შემტევის, ლიონელ მესის თამაშს.
„ჩვენ გაგვიმართლა, ასეთი ფეხბურთელი რომ გვყავს და მას ეს ძალიან კარგად ესმის. მან კარგად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს ამა თუ იმ სიტუაციაში და აკეთებს იმას, რისი გაკეთებაც სხვა ფეხბურთელებს არ შეუძლიათ. მესის ყოლა გუნდში იგივეა, რაც ჭადრაკში ორი დედოფლით თამაში. ან სულაც სამით. ასეთ შემთხვევაში შესაძლებლობების მთელი სამყარო გეშლება თვალწინ და ნებისმიერი პარტიის მოგებაა შესაძლებელი“, – ამბობს სეტიენი.
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ვარსკვლავმა პრიმერა დივიზიონის 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 18 გოლი და 12 საგოლე პასის ავტორი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 1 მარტს, „ბარსელონა“ სტუმრად თავის ტრადიციულ მეტოქეს, „რეალ მადრიდს“ ეთამაშება. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
ამჟამად ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის ცხრილს „ბარსელონა“ 55 ქულით ლიდერობს და მადრიდელები მას ორი ქულით ჩამორჩებიან.