კიკე სეტიენი დარწმუნებულია, რომ მადრიდის „რეალი“ დარჩენილ ტურებში შეცდომას დაუშვებს
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში არსებულ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მადრიდის „რეალს“ სადღაც ფეხი აუცილებლად დაუცდება.
„შვიდი მატჩის ჩატარება დარჩა და ყველა მათგანის მოგება ძალიან რთული იქნება. „რეალს“ ჯერ არ დაუკარგავს ქულები, მაგრამ რაღაც მოულოდნელი წინ კიდევ შეიძლება მოხდეს. მართალია, ისინიც ჩვენსავით კარგ ფორმაში არიან, თუმცა ეს არაფრის გარანტიას არ იძლევა. დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მომენტში ისინი შეცდომას დაუშვებენ“, – ამბობს სეტიენი.
შეგახენებთ, რომ 31 ტურის შემდეგ მადრიდის „რეალმა“ და „ბარსელონამ“ 68-68 ქულა დააგროვეს, თუმცა სამეფო გუნდი მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით უსწრებს.
მომდევნო ტურში კატალონიელები სტუმრად „სელტას“ შეხვდებიან, „რეალი“ კი „ესპანიოლს“ უმასპინძლებს. მატჩები შესაბამისად 27 და 28 ივნისს გაიმართება.