კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმების საფრთხის გამო, 22-დან 25 აგვისტომდე მასობრივი ღონისძიებების ჩატარება აკრძალული იქნება
კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმების საფრთხის გამო, 22-დან 25 აგვისტომდე მასობრივი ღონისძიებების ჩატარება აკრძალული იქნება

კიევში რუსეთის სარაკეტო დარტყმების საფრთხის გამო, 22-დან 25 აგვისტომდე მასობრივი ღონისძიებების ჩატარება აკრძალული იქნება. როგორც „ბიბისი“ წერს, შესაბამისი განკარგულება კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, ნიკოლაი ჟირნოვმა გასცა.

მათ შორის, აკრძალული იქნება მშვიდობიანი შეკრებებისა და მიტინგების გამართვა.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, კიევის სამთავრობო კვარტალში მდებარე უწყებების თანამშრომლებს რეკომენდაცია მისცეს, 22-დან 26 აგვისტომდე დისტანციურად იმუშაონ.

ყველა ეს ზომა დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინის ხელისუფლების პროგნოზით, რუსეთი ახალ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის პერიოდში გეგმავს.

„მათ ჩვენ ვეზიზღებით. ამიტომ 23 და 24 აგვისტოს შეეცდებიან, ჩვენი ქალაქების ფრთოსანი რაკეტებით დაბომბვა გაააქტიურონ. მათ შორის იქნება კიევი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული ზომებია მიღებული ხარკოვშიც. 22 აგვისტოდან ქალაქში მოქმედი კომენდანტის საათი მომდევნო დღის დილის 07:00 საათამდე იქნება გახანგრძლივებული. 24 აგვისტოს კი კომენდანტის საათი დაიწყება 19:00 საათზე და დასრულდება 25 აგვისტოს დილის 07:00 საათზე. კომენდანტის საათის დროს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ყოფნა, ქუჩაში ან ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალული იქნება.