კიევის „დინამოს“ ყოფილმა მოთამაშემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მთავარ შეცდომაზე მიუთითა - ქართველებმა საკუთარი თავის ზედმეტად დაიჯერეს #1TVSPORT
კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, სერგეი კოვალეცმა ერთა ლიგაზე უკრაინა-საქართველოს მატჩი შეაფასა და განაცხადა, რომ ქართველმაფ ეხბურთელებმა შეხვედრამდე საკუთარი თავის ზედმეტად დაიჯერეს.
„როცა წავიკითხე ქართველი ფეხბურთელების კომენტარები, სადაც ამბობდნენ, რომ ლიდერები ვართ, თავს კარგად ვგრძნობთ და უკრაინას ვაჯობებთო, მაშინ მივხვდი, რომ გაუჭირდებოდათ. ეტყობოდათ, რომ საკუთარი თავის ზედმეტად დაიჯერეს.
დიახ, ქართველებმა ევროპის ჩემპიონატზე კარგად ითამაშეს და ერთა ლიგაც შესანიშნავად დაიწყეს, მაგრამ მანამდე ისინი სხვაგვარად საუბრობდნენ. ახლა კი ცხადი იყო, რომ მწვრთნელმა პროცესის მართვა ვერ მოახერხა.
ქართველი ფეხბურთელების კომენტარებმა ჩვენს ბიჭებს მისცა მოტივაცია, ხასიათი გამოევლინათ და კარგი მატჩი ჩაეტარებინათ“, – ციტირებს კოვალეცის სიტყვებს ვებგვერდი Sport.ua.
ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინა ალბანეთის ნაკრებთან დამარცხდა (1:2), მეორეში – ჩეხეთთან (2:3), მესამეში კი ლიდერი საქართველო (1:0) დაამარცხა.